თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ გადახდის ახალი სისტემის მიუხედავად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ ძვირდება. ამაზე მან იმედის ეთერში ისაუბრა.
"არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მე მაქვს იმის შნო, იმის შესაძლებლობა და იმის უნარი და მაქვს ეს დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი მოსახლეობას, არ მომერიდებოდა. ეს შეიძლება რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას ვეტყოდი პირდაპირ, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე" - ამბობს კალაძე.
წამყვანმა მას ჰკითხა ოპოზიციის კრიტიკის შესახებ, რომ 250 ლარის ერთად გადახდა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია, რაზეც კალაძემ თქვა, რომ ამ საკითხზე ბანკებთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება.
"შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, არ მგონია პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის? ყველა იმ ოჯახს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათთვის მგზავრობაა ან უფასო, ან პენსიონრები იხდიან 10 თეთრს ან 20 თეთრს, ეს არის ჩემთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი", - თქვა კალაძემ.
პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება.
მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. ასევე, ავტობუსით ერთჯერადად მგზავრობისთვის, ბარათის არქონის შემთხვევაში, მგზავრმა ნაღდი ფულის სახით, 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი უნდა გადაიხადოს.
ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში.
სხვადასხვა ხანგრძლივობის სააბონენტო ბარათის ფასები იქნება:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
- ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
- ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.
5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში.
რა ეღირება და როდიდან ამოქმედდება თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო ბარათი